მოკლედ ჭახათის შესახებ

    ქუთაისის შემადგენელი უბნების რიგს ავსებს ქალაქის მარცხენა ნაწილში, საფიჩხიიდან მოწამეთამდე მდებარე ნატყევარი ადგილი, რომელიც ,,ჭახათას" სახელწოდებით არის ცნობილი.
     


   ,,ჭახათა" თხზული სახელია: ,,მჭახე" და ,,მთა." დროთა განმავლობაში ამ სიტყვებმა ფონეტიკური სახეცვლილება განიცადეს და დამკვიდრდა როგორც ,,ჭახათა."არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომ ,,ჭახათა" ნიშნავს მკვახე, უმწიფარ ხილს, მას ,,ალიზის გორასაც" ეძახიან. კიდევ ერთი ვერსიაა სახელთან დაკავშირებით: მდინარე წყალწითელას მარჯვენა ნაპირზე 1880–იან წლებში რკინიგზა გაიყვანეს ტყიბულის მიმართულებით, რის გამოც ტოპოგრაფიული ძიებისათვის აქ უცხოელები იყვნენ ჩამოსულები, მათ ეს ადგილი აუზომავთ და ჩაუხატავთ. ხალხი თურმე გაიძახოდა ,,ჩახატესო," ამიტომ თავდაპირველად ,,ჩახატა" დაერქვა, მალე სახელის პირველი ასო ,,ჩ" ,,ჭ"–დ იქცა და ასე დაერქვა ,,ჭახათა." სწორედ ამის შესახებ დაწერა ნესტორ გოქაძემ ეს ლექსი:

         
              ,, ეს კლდე, ეს მდინარე
               ბუნებამ დახატა,
               ორმა უცხოელმა
               ადგილი ჩახატა,
               გაჭრეს რკინიგზა და
               შეარქვეს ჭახათა."
     ტერიტორია, რომელიც დღეს ,,ჭახათას" ტერიტორიას ეკუთვნის (დ. კლდიაშვილის ქუჩა) ადრე ,,ზედა საფიჩხიად" იწოდებოდა, დამახასიათებელი ვიწრო, ოღროჩოღრო ქუჩებით.
     როდესაც ამ ბლოგზე დავიწყეთ მუშაობა, მაშინვე ქალბატონი ლია გაგვახსენდა, ამ უბანზე უზომოდ შეყვარებულ ქალბატონს, ლია კაცაძეს ვთხოვეთ ჭახათის შესახებ  მოეთხრო:
     ,,ჭახათა მოწამეთის ფანტასტიკური სილამაზის ხეობიდან გადმოშლილ ბადეს ჰგავს, სავსეს ფერად–ფერადი ქვებით, ქართული ოდა–სახლებით, გულკეთილი, მართალი, მშრომელი, თავისუფლებისმოყვარე ხალხით. აქედან ადვილია იწამო ღმერთი, შეიცნო და შეიყვარო სამშობლო.
       ჭახათა პალეოლითური ხანის ნამოსახლარია, ხუთი ლითოლოგიური ფენით, აურაცხელი არქეოლოგიური მასალით. ჭახათაში ამავე სახელობის მღვიმეცაა, რომელიც მდინარე წყალწითელას ნაპირზე, თბილისი–ქუთაისის გზატკეცილის ახლოს მდებარეობს. მღვიმემ ეს სახელი ,,ჭახათის" მთის გამო მიიღო. აქ დაცულია ე. წ. დამარხული გამოქვაბული, რომელშიც 1960–62 წლებში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს ქვედა პალეოლითის ხანის იარაღი და ფაუნის მდიდარი მასალა. წყალწითელას ხეობის გამოქვაბულში ნაპოვნია: წვეტანები, დაკბილული იარაღი, კაჟის ქვისაგან ნაკეთები სხვადასხვა ტიპის საფხეკები, საჭრისები, გრავეტის ტიპის დანები, ძვლის სადგისები, ხარის, გარეული ღორის, მღვიმური დათვის, კავკასიური ჯიხვის, მგლის, წყლის თახვის, მაჩვის და მელას ძვლების ნაშთები.
       აქ, ჭახათაში ქვებიც სუნთქავენ ( ადგილობრივები სასულეს ეძახიან). პალეოლითური მასალა დაცულია ქუთაისის ისტორიულ–ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
      ამის თქმა საჭიროდ ვცანი, რადგან ქუთაისის ე. წ. ელიტურ ნაწილში მცხოვრებთ ხშირად ავიწყდებათ საიდან იწყება ქალაქის ნამდვილი ისტორია."
      უბანში ერთ–ერთ უმთავრეს პრობლემად სასწავლო დაწესებულების უქონლობა ითვლებოდა. სკოლის გახსნა ნესტორ გოქაძის ინიციატივით და ძალისხმევით მოხდა.
      1920–იანი წლების დასასრულსა და 30–იანი წლების დასაწყისში, წყალსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით ,,წყალწითელას" ქუჩა მოკირქვეს, რომლის მშენებლობაზე თურქები მუშაობდნენ. ამ ქუჩის ნატეხ კირქვას ეზიდებოდნენ ურმებით სადგურის ჩრდილო–აღმოსავლეთით მდებარე საკირე ქარხნისაკენ.
      ,,ჭახათას" განაშენიანება ახლომახლო სოფლებიდან ჩამოსული გლეხების ხარჯზე მოხდა. როგორც აქ აცხადებენ, უბანმა ძველი სახე სწორედ ამის შემდეგ დაკარგა.
      ,,გაქრა ტყე უღრანი, (მოკვდაო, ვინა თქვა?)
      ხეების ადგილზე გამოჩნდა თეთრი ქვა.
      მერე ქვასაც მიწვდა აშენების სუნთქვა."
                 ალექსანდრე გოქაძე

     
       ალექსანდრე გოქაძის მოგონებებიდან: ,,მე ძალიან მიკვირდა, რომ ზოგიერთი სახლი ზედ გზის პირას იდგა. იქ მცხოვრებლებს თუ ხმაური აწუხებდათ, ეს შედეგი იყო სტიქიური განაშენიანების, რადგან აქ დასახლდნენ ოკრიბიდან და ტყიბულიდან. ჩვენი მეზობლები იყვნენ ილარი მახვილაძე, წითაშვილი. მათი ეზოების ბოლოში რიონჰესის მიწისქვეშა არხი გადიოდა. უბნის მდებრეობის გამო (მაღლობი და კლდოვანი ადგილი) მოსახლეობას წყლის პრობლემა ჰქონდა. სასმელ წყალს ორიოდე კილომეტრის მოშორებით მდებარე ჭიდან ეზიდებოდნენ. 1936 წელს გაიყვანეს ელექტრო ხაზები."
       უბანში კარგად ახსოვთ, რომ ტყესთან სიახლოვის გამო შეშას ძირითადად  იქიდან ეზიდებოდნენ. იქვე იყო მდინარე წყალწითელაც.
   
     მდინარესთან ახლოს თავშეყრის ადგილი იყო წისქვილი, სადაც გლეხები ურმებით დადიოდნენ და სიმინდით სავსე ტომრებით რიგში დგებოდნენ. თუმცა ახლა მოშლილია წისქვილი.








      ჭახათაში ყოფილა ადგილი ,,ნაჯოგარი." აქ უამრავი საქონელი იყრიდა თავს თურმე. ჭახათის თავზე მდგარ კლდეს ,,ჭაბუეთის" კლდედ მოიხსენიებენ. იგი მდინარე წყალწითელას გადაჰყურებს.



      უბანში კარგად ესმით, რომ ქალაქისა და ქვეყნის სიყვარული ქუჩის და უბნის სიყვარულით იწყება, ამიტომ არ ივიწყებენ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ უბნის ღირსეული წარმომადგენლები იყვნენ და არიან. მათ რიცხვშია, ნესტორ, ალექსანდრე და ნუგზარ გოქაძეები, ცნობილი მოქანდაკე ბათუ სიხარულიძე, ოპერის მომღერალი ხათუნა ჭოხონელიძე, მთამსვლელი მერაბ ნემსიწვერიძე, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ზვიად პატარიძე და სხვ.

     ჩვენს უბანში შედის დავით კლდიაშვილის, განათლების, შიო არაგვისპირელის, ტყიბულის ქუჩები თავისი შესახვევებით და ჩიხებით.

    დავით კლდიაშვილის ქუჩა იწყება საფიჩხიაზე და მთავრდება ჭახათის ბოლოს, ზედა საფიჩხიაზე, კირის ქარხანასთან. XIX საუკუნის 70–იანი წლებიდან და მესამე მოწამეთის ქუჩად იხსენიებოდა, XX საუკუნეში ქუჩას ჯერ წყალსადენის ქუჩა ეწოდა, ხოლო 1962 წელს გამოჩენილი ქართველი მწერლის დავით კლდიაშვილის სახელი მიენიჭა.

    განათლების ქუჩა წარმოიქმნა XIX საუკუნის 80–იან წლებში. საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში ჯაფარიძის ქუჩის მე–4 შესახვევად იწოდებოდა. 1926 წელს ამ შესახვევს მიენიჭა განათლების ქუჩის სახელი. 1955 წელს ქუჩას მიაკუთვნეს აზერბაიჯანის სსრ–ის ქალაქ კიროვაბადის სახელი. 1991 წლიდან კვლავ განათლების ქუჩაა. იგი 26 მაისისა და დავით კლდიაშვილის ქუჩებს შორის მდებარეობს.

    შიო არაგვისპირელის ქუჩა წარმოიშვა XX საუკუნის 50–იანი წლების შუახანებში ყოფილი ტყიბულის ქუჩის პირველი ჩიხისა და კიროვაბადის (დღევანდელი განათლება) ქუჩის მე–2 ჩიხის შეერთების შედეგად. ამ სახით ახლადწარმოქმნილ ქუჩას 1958 წელს მიენიჭა გამოჩენილი ქართველი მწერლის შიო არაგვისპირელის სახელი. ქუჩა მდებარეობს ტყიბულისა და განათლების ქუჩებს შორის.

   ტყიბულის ქუჩამ ქუჩად წარმოქმნა დაიწყო XIX საუკუნის შუახანებში და იწოდებოდა მოწამეთის მე–2 ქუჩად. 1926 წელს ქუჩას მიენიჭა ქალაქ ტყიბულის სახელი.



                       ჭახათაში არის:

1. წყალსადენი

2. ქუთაისის სატელევიზიო ანძა

3. არამადნეულ მასალათა ქარხანა

4. ქუთაისი–ტყიბულის სარკინიგზო მაგისტრალი

5. სსიპ–ქ. ქუთაისის N22 საჯარო სკოლა

6. საბავშვო ბაღი

7. წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია

8. მღვიმე

9. ქუთაისის საუკეთესო ეზო

     ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი უბანი. აქ ყველა ერთმანეთის ახლობელია, ყველა ერთმანეთს იცნობა. ჩვენს სკოლაშიც თბილი გარემო სუფევს!


გამოყენებული ლიტერატურა:

1. ნესტორ გოქაძის პირადი არქივი. ავტობიოგრაფია. წერილები.
2. ალექსანდრე გოქაძის მოგონებები.
3. ლია კაცაძის მოგონებები.
4. ქ. ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის მასალები: ,,ეთნოგრაფიული ქუთაისი. მე–19 ს–ის მე–2 ნახევარი).
5. ,,ახალი გაზეთი" 5–11 სექტემბერი. 2005 წ. თეა ზიბზიბაძის სტატია ,,ჭახათა."
6. გაზეთი ,,ბაღის კიდე."  N3 ნოემბერი. 2005 წ. ნუნუ ქათამაძის სტატია ,,ჭახათა."
7. სსიპ-ქ. ქუთაისის N22 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებლის ხათუნა ზურაბიანის მასალები პროექტიდან: ,,ჩემი საცხოვრებელი ადგილი."



No comments:

Post a Comment