არამადნეულ მასალათა ქარხანა


       ჩვენს უბანში არამადნეულ მასალათა ქარხანაა, რომელიც ჩვენი უბნის ბოლო მონაკვეთზეა აშენებული. ერთ დროს აქ წარმოება უწყვეტად მუშაობდა, ახლა აქ სიწყნარეს დაუსადგურებია.
       ქუთაისის არამადნეულ მასალათა ქარხანა 1965 წელს ყოფილი კირის ქარხნის ბაზაზე დაარსდა. კირის ქარხანა გასული საუკუნის 20–იანი წლებიდან არსებობდა. ჯერ კიდევ 1930 წელს აქ ზედა საფიჩხიის მოსახლეობის 60% იყო დასაქმებული. იმ დროისათვის სკოლას ქარხნის ადმინისტრაციასთან ხელშეკრულება ჰქონდა დადებული და უფროსკლასელი ვაჟები გარკვეული პერიოდი ქარხანაში მუშაობდნენ.

       1930 წელს ნესტორმა საშეფო ხელშეკრულება ქუთაისის კირის ქარხანასთან გააფორმა , რომელიც სადგურის მიდამოებში მდებარეობდა და ამ ქარხანაში მრავალი მოსწავლის მშობელი მუშაობდა. კირის ქარხანა  სკოლას რემონტის ჩატარებაში ეხმარებოდა,  სკოლის მასწავლებლები კი ლექცია–მოხსენებებს ატარებდნენ. ეს შეფობა 1936 წლამდე გაგრძელდა.
       ნესტორ გოქაძის პირად არქივში  ქუთაისის მე–3 ოთხწლედსა და კირის ქარხანას შორის დადებული ხელშეკრულებაა შემონახული. მასში მოცემული ვალდებულებები წარმოდგენას გვაძლევს, თუ რა ყურადღება ექცეოდა 30–იან წლებში შრომით აღზრდას და რა მრავალმხრივი იყო საშეფო ურთიერთობა.
                               ,,კირის ქარხნის ვალდებულება:
1. უზრუნველყოს მუშების მონაწილეობა სკოლის საბჭოში და სკოლის სხვა ორგანიზაციაში. მაგ: წერა–კითხვის მეგობართა უჯრედში, მოწაფეთა თვითმმართველობაში.
2. უზრუნველყოფილი იქნას ინჟინერ–ტექნიკოსთა ან სხვა სპეციალისტთა ძალების მონაწილეობა მეთოდურ კომისიებში იმ მიზნით, რომ სკოლის პროგრამა შეფარდებული იქნას ქარხნის წარმოების თავისებურებასთან.
3. წლის განმავლობაში მოწყობილ იქნას ინჟინერ–ტექნიკოსთა ან სხვა კვალიფიციურ მუშათა საშუალებით მთელი რიგი საუბრების და ლექციების, წარმოების ძირითად საკითხებში გასაცნობად. აგრეთვე მოეწყოს ქარხნის საშუალებით ექსკურსიები სხვა ფაბრიკა–ქარხნებში (ექსკურსია მოეწყობა ტყიბულში წელიწადში ერთხელ, მოხერხებულ დროს, რისთვისაც თანხის 60% გაღებული იქნება ქარხნის მიერ, 40% – თვით მოწაფეების მიერ).
4. მე–3 და მე–4 ჯგუფის მოწაფეები 100 კაცის რაოდენობით დაშვებული უნდა იქნას ქარხანაში პრაქტიკისათვის დეკადაში. თითოეული ჯგუფი მოწაფეების იმუშავებს ერთჯერ, არა უმეტეს 2 საათისა დღეში. წლის განმავლობაში ჯგუფს დასჭირდება 162 საათი.
5. მოწყობილი იქნას მოსწავლეთა პოლიტექნიკური აღზრდის მიზნით სახელოსნო სკოლასთან (სადურგლო, საზეინკლო, სამუყაო და სამკინძაო).
6. ქარხკომმა უნდა გამოყოს თანხა უღარიბესი მოწაფეების (ნ. გოქაძე ყველგან მოწაფეს ხმარობს) დასახმარებლად, რასაც გაანაწილებს თვით ქარხკომი სკოლის საბჭოსთან შეთანხმებით.
7. მოსმენილ იქნას მოხსენება წელიწადში ორჯერ, როგორც სკოლის, ისე ქარხნის მდგომარეობის შესახებ მუშათა საერთო კრებაზე."  (სტილი დაცულია).
                         აქვე მოცემულია სკოლის ვალდებულებანი:
,,1. უზრუნველყოს წერა–კითხვის უცოდინართა ლიკვიდაცია ქუთაისის კირის ქარხნის მუშების და მათი ცოლების, ახლომდებარე ადგილების მცხოვრებლებს შორის.
2. მოწყობილი იქნას პედაგოგიური კონსულტაცია მუშებისათვის და მათი ოჯახებისათვის სკოლის და დამხმარე კულტ–დაწესებულებების ძალებით.
3. მე–3 ოთხწლედმა აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს ქარხნის საწარმოო მუშაობაში შემდეგი წესით: ა) წარმოების რაციონალიზაციასთან დაკავშირებით მუშების მიერ წამოყენებული წინადადებების შეკრება და მათი დამუშავება ბ) მასიური მუშაობის ჩატარებით (დემონსტრაციები, საღამოები და სხვ.) უმიზეზო გაცდენების და ლოთობის აღმოფხვრის მიზნით." (სტილი დაცულია).
            ნესტორ გოქაძე თუ რა გულისხმიერებით და პრინციპულობით ექცეოდა გეგმის შესრულებას, ეს იმ თანამედროვეთა დახასიათებიდან და დოკუმენტებიდან ჩანს, რომელიც შემონახულია.


      1937 წლიდან საწარმო გაფართოვდა. გერმანელების მიერ პროექტი გაკეთდა და ომის შემდეგ მის მშენებლობაზე გერმანელი ტყვეები მუშაობდნენ. ეს ქარხანა ღორღს აწარმოებდა, პროდუქცია საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკაში იგზავნებოდა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო სოფლებს კირით ამარაგებდა, რათა სასოფლო–სამეურნეო კულტურები შეეწამლათ. კირი გამოიყენებოდა სასმელი წყლის გასაწმენდად. ღორღი მშენებლობაზე გამოიყენებოდა. აქვე ხდებოდა ქვის მოჭრა და გაზიდვა ჯებირების გასამაგრებლად და რკინიგზის ასაშენებლად.

      ქარხანაში 200 ადამიანი იყო დასაქმებული. ძირითადად უბნის მაცხოვრებლები იყვნენ დასაქმებულები.
      ქარხანამ მუშაობა 1994–95 წლებში შეწყვიტა.


გამოყენებული ლიტერატურა:

1.  ნესტორ გოქაძის პირადი არქივი. ავტობიოგრაფია. წერილები. სასკოლო დოკუმენტები.
2. თანამედროვეთა მოგონებები.
3. სსიპ-ქ. ქუთაისის N22 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებლის  ხათუნა ზურაბიანის მასალები პროექტიდან: ,,ჩემი საცხოვრებელი ადგილი."


No comments:

Post a Comment