ჩვენი სკოლა

     

       დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ნესტორ გოქაძის ბიოგრაფია და ქუთაისის
N 22 საჯარო სკოლის მატიანე, ერთმანეთზეა გადაჯაჭვული.
     დიახ, სწორედ ნესტორ გოქაძე ითვლება ქუთაისის N 22 სკოლის დამაარსებლად!
       1908 წლიდან ნესტორი საფიჩხიის ბავშვთა მდგომარეობას სწავლობდა და გამოარკვია, რომ 200–ზე მეტი სასკოლო ასაკის ბავშვი სკოლაში სიღარიბის გამო არ სწავლობდა. ამ ბავშვებს ქალაქის სასწავლებელში გზა დახურული ჰქონდათ, რადგან სწავლის ფული დიდ ტვირთად აწვებოდა ოჯახებს... ნესტორ გოქაძემ მიიღო გადაწყვეტილება, მიემართა  ქალაქის გუბერნატორისა და განათლების ინსპექტორისათვის. ნესტორმა მკაფიოდ გამოკვეთა ამ უბნის განათლების პრობლემა და ძალისხმევის შემდეგ მიაღწია იმას, რომ დართეს ნება, გახსნილიყო ერთკლასიანი სკოლა და მასწავლებლის ჯამაგირი 78 მანეთი აეღოთ იმ თანხიდან, რაც სწავლის საფასურის სახით შემოვიდოდა.
      1908 წელს ჩატარდა უბნის კრება. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, გუბერნატორის და განათლების ინსპექტორის სახელზე გაგზავნილიყო მოთხოვნა, რომელსაც ხელს 232 მცხოვრები აწერდა. ითხოვდნენ  ქალ–ვაჟთა ერთკლასიანი სასწავლებლის გახსნას.   განათლების ინსპექციამ სასწავლებლის გახსნის ნება დართო.
      1898 წლის სექტემბრიდან ერთკლასიანი სკოლა ნაქირავებ ბინაში, ნესტორის ცოლისძმის, ვლადიმერ გვეტაძის სახლში გაიხსნა. 1909 წლიდან შენობის აგება დაიწყეს. მშობლები  უსასყიდლოდ მუშაობდნენ. შემონახულია განცხადება, რომელიც იტყობინება შემდეგს:

    ,,საფიჩხიის სამინისტრო სასწავლებელი ამით აცხადებს, რომ მიღება ორივე სქესის ბავშვების დაიწყება 25 აგვისტოდან დამლევამდის. ღარიბებს სწავლის ფული არ გადახდებათ. ორი თვის შემდეგ სასწავლებელი გადავა ახალ საკუთარ შენობაში.
 სასწავლებლის გამგე:
      ნ. ა. გოქაძე"
(ერთი ასეთი განცხადება ინახება ოჯახში, მეორე – სკოლის მუზეუმში).

      ნესტორის თაოსნობით და ინიციატივით აგებული იქნა ორკლასიანი სკოლა. შენობის გახსნა  1910 წლის 1 იანვარს მოხდა. გამგე–მასწავლებლად  ნესტორ გოქაძე დაინიშნა და სკოლის მოვლა–პატრონობას ჩვეული ენერგიით შეუდგა. სკოლის მშენებლობა უბნის ღვიძლი საქმე გახდა. მოსახლეობა უსასყიდლოდ მუშაობდა. სკოლის ექსპლოატაციაში  მისაღებად ნესტორმა განათლების ინსპექტორი და ქალაქის მართველობის წარმომადგენელი მოიწვია,  მაგრამ ეს თხოვნა უპასუხოდ იქნა დატოვებული.
       1914 წლის დამდეგს სასწავლებლის ზედამხედველმა სიმონ ოყრეშიძემ, ა. ღიბრაძემ, საღვრთო სჯულის მასწავლებელმა, მღვდელმა დევი გაჩეჩილაძემ, ზედამხედველმა პლატონ გაბრიაძემ, ღლონტი ბარდაველიძემ და ნესტორ გოქაძემ, თხოვნით მიმართეს ინსპექტორს, რომ სახელმწიფო ხარჯზე დაენიშნათ ორი მასწავლებელი – სიმღერისა და ხელსაქმის. ამ დროს სკოლაში 70 ბავშვი სწავლობდა. ამავე დროს ითხოვდნენ ფულად დახმარებას 2000 მანეთის სახით (ოთახები 1911–14 წლებში  უნებართვოდ იქნა მიშენებული.).
        1914 წლის 7 აგვისტოს  ინსპექტორისაგან პასუხი მიიღეს: ,,ვაუწყებ ზედამხედველთა საბჭოს წევრებს, რომ მანამდე, სანამ არ იქნება სათანადო წესრიგში მოყვანილი ეზო–გარემო სკოლისა, მანამდე არ იქნება აღძრული შუამდგომლობა თქვენს დასახმარებლად."(სტილი დაცულია).
        დაიწყო სკოლის ეზოს კეთილმოწყობა. გაკეთდა ქვის ყორე, ჭიშკარი, გაჭრილი იქნა გზა მოწამეთის ქუჩიდან სკოლამდე. ამ გზას ნესტორის თაოსნობით და მცხოვრებთა მხარდაჭერით,  განათლების ქუჩა უწოდეს. სკოლის ეზოში  სხვადასხვა სახის ხეხილი იქნა დარგული. მიუხედავად ამ ყველაფრისა, სკოლის გადაყვანა სახელმწიფო ხარჯზე 1917 წლის შემდეგ მოხერხდა. 1919 წლიდან საფიჩხიის სკოლას ეწოდა მესამე ოთხწლედი. ნესტორ გოქაძე სკოლის გამგე–მასწავლებლად დანიშნეს.
           ამ დროს  ქუთაისში შემდეგი სასწავლო დაწესებულებები არსებობდა: ვაჟთა პირველი გიმნაზია, წმიდა ნინოს საქალებო გიმნაზია, ქალაქის რეალური სასწავლებელი, ვაჟთა მეორე გიმნაზია, ქალების გიმნაზია ,,სინათლე," გაბრიელის სახელობის ქალთა გიმნაზია და I-II-III-IV ოთხწლედები. საფიჩხიის ოთხკლასიანი სასწავლებელი გამოცდილი პედაგოგებით დაკომპლექტდა . აი ისინიც: დავით კუპრეიშვილი, აქვსენტი და ანტონინა გიორგაძეები (ორივე დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენით), თამარ წერეთელი, ფეფიკო კემულარია და სხვები.
          ყოველ წელს ტარდებოდა სკოლის მიმდინარე რემონტი. (ყოველი კაპიკი დანახარჯისა შენახულია სათანადო დოკუმენტებით). თესავდნენ სიმინდს, ლობიოს. შემოსავალს სკოლას ახმარდნენ: ყიდულობდნენ ნავთს, შეშას, სასკოლო ინვენტარს. გამოწერილი იქნა მრავალი ჟურნალ–გაზეთი: ,,კომუნისტი," ,,მუშა," ,,მებრძოლი,"საბავშვო ჟურნალები და სხვ.
          ბუნებრივია, საფიჩხიის სკოლამ განიცადა ის ცვლილებები, რაც ოქტომბრის რევოლუციის შედეგად მოხდა ჩვენ ქვეყანაში. ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, განათლების სახალხო კომისარიატმა გამოაქვეყნა მიმართვა, რომელშიც დასახა ამოცანა –სავალდებულო უფასო სწავლების შემოღებით, უმოკლესს ვადაში წიგნიერების მაღალი დონე ყოფილიყო მიღწეული. განათლების სახალხო კომისარიატის გამგეობაში გადავიდა ყველა სკოლა, მათ შორის – კერძო სკოლებიც. პროლეტარულმა სახელმწიფომ გააუქმა სწავლების გადასახადი. (აღსანიშნავია ის, რომ საფიჩხიის სკოლაში ღარიბებს გადასახადი არ ჰქონდათ გადასახდელი). საბჭოთა სახელმწიფომ მასწავლებლის მიმართ დიდი მზრუნველობა გამოიჩინა . მასწავლებლებს გაუდიდდათ ხელფასი. გაჩაღდა დიდი პოლიტიკურ–აღმზრდელობითი მუშაობა. რევოლუციის უპირველესს ამოცანას მოსახლეობის უწიგნურობისა და მცირემცოდნეობის ლიკვიდაცია წარმოადგენდა. მასში აქტიური მონაწილეობა  წიგნური მოსახლეობის უფართოესს მასებს უნდა მიეღოთ.
          1923 წელს შეიქმნა ნებაყოფლობითი საზოგადოება – ,,ძირს უწიგნურობა." მისი თავმჯდომარე  მ. ი .კალინინი იყო. 1932 წელს იგი  ხუთ მილიონზე მეტ ადამიანს აერთიანებდა. ცხადია, ისეთი აქტიური საზოგადო მოღვაწე, როგორიც ნესტორ გოქაძე იყო, განზე არ დარჩებოდა. 1928–30 წლებში საღამოს საათებში იგი ხელმძღვანელობდა წერა–კითხვის უცოდინარობის ლიკვიდაციის სკოლას, რომელიც მისი სკოლის ბაზაზე იყო ჩამოყალიბებული და აერთიანებდა 60–მდე მოსწავლეს, იყვნენ ხანშიშესული ქალები და კაცებიც. სკოლაში მეცადინეობა  ორ დღეში ერთხელ ტარდებოდა  და უბნის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს აერთიანებდა . ნესტორის პირად ბიბლიოთეკაში არნოლდ ჩიქობავას წიგნი ,,წინ" და ის დოკუმენტებია შემონახული, რომლითაც იგი მოსწავლეებს ამეცადინებდა.
         1932 წელს ნესტორი  ქუთაისის მე–9 საშუალო სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად იქნა გადაყვანილი, პარალელურად უსინათლოთა საზოგადოებაში ლექციებს კითხულობდა.
         რაც შეეხება ნესტორის დაარსებულ სკოლას, დაერქვა მე–14 არასრული საშუალო სკოლა. 1942–43 წელს ნესტორი თავის ყოფილ სკოლაში დააბრუნეს (ამ პერიოდში მას ქალთა მე–9 საშუალო სკოლა ერქვა). 1940 წლიდან დირექტორი  ნადეჟდა ასლანის ასული ერისთავი იყო, რომელიც 1974 წლამდე სათავეში ედგა სკოლას. მხოლოდ რამდენიმე წელი იმუშავეს ამ ღირსეულმა პედაგოგებმა ერთად. ქალბატონი ნადეჟდა ერისთავი დიდი პატივისცემით იგონებდა ნესტორს. ეს იყო დიდი სამამულო ომის წლები. მიუხედავად ავადმყოფობისა, ნესტორი არ წყვეტდა საზოგადოებრივ საქმიანობას. 1943 წლის ნოემბერში მისი ინიციატივით მოხდა საჩუქრების გაგზავნა ფრონტზე, რომელიც მოსწავლეებმა შეაგროვეს. აქ იყო თბილი წინდები, ხელთათმანები, ჩურჩხელები, თამბაქო, ცხვირსახოცები და სხვ. ნესტორ გოქაძის დაარსებულ სკოლას არასოდეს უღალატია ტრადიციისათვის.  სკოლას წლების მანძილზე ღირსეულად მართავდა ქალბატონი ნადეჟდა ერისთავი.
        მოსახლეობის ზრდასთან ერთად გაიზარდა კონტიგენტი. 1971 წლისათვის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ახალი სასწავლო წელი ახალ ოთხსართულიან შენობაში იზეიმეს.
           1981 წლისთვის  მეორე ოთხსართულიანი შენობა აშენდა. (ამ დროს უკვე სკოლის დირექტორი გიული გვიშიანი იყო),  გაიხსნა მუსიკალური სტუდია.  სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებლის ელენე ღვინეფაძის თაოსნობით მისდევდნენ მეკურდღლეობას, მეაბრეშუმეობას. სწორედ აქედან შემოსული სახსრებით ააგეს შრომის სახელოსნო.
            ნადეჟდა ერისთავის შემდეგ 10 წელი  სკოლას დიმიტრი თაბუკაშვილი მართავდა. სკოლის ცხოვრებაში დიდმნიშვნელოვანი მოვლენა  საგნობრივი წრეების გახსნა იყო, რასაც საფუძველი სკოლის შემდეგმა დირექტორმა, გიული გვიშიანმა ჩაუყარა.
           დაარსებული იქნა მცირე აკადემია ,,კავკასიონი." აკადემიის მხარეთმცოდნეობის განყოფილების, ,,ამირანის" საპატიო წევრი იყო ნესტორ გოქაძის შვილი, თადარიგის პოლკოვნიკ–ინჟინერი ალექსი გოქაძე.
             საინტერესოა ალექსი გოქაძის ბიოგრაფია და ურთიერთობა სკოლასთან. ალექსი ნესტორის ძე გოქაძე დაიბადა 1925 წლის 12 თებერვალს ქალაქ ქუთაისში. სწავლობდა მამის დაარსებულ სკოლაში, რომელთანაც უხილავი ძაფებით იყო დაკავშირებული. პენსიაზე გასვლის შემდეგ იგი უყოყმანოდ დაუბრუნდა მამის კერას, ააგო საცხოვრებელი სახლი, სული ჩაუდგა მამის ნაქონ ყველა ნივთს. იყო საზოგადოება ,,ცოდნის" ლექტორი.  მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა ქუთაისის N 22 სკოლასთან და აქტიურად მონაწილეობდა სწავლა–აღზრდის პროცესში.   ლექციებს სამხედრო–პატრიოტულ აღზრდაზე კითხულობდა.
 ქუთაისის N 22 სკოლას 19 წლის მანძილზე სათავეში ნუნუ ქათამაძე ედგა, რომელიც ცდილობდა არ დაერღვია სკოლის ასწლოვანი ისტორია. 
ქალბატონი ნუნუს დირექტორობის პერიოდში  ახალგაზრდა პედაგოგის,  ლალი აბდალაძის ხელმძღვანელობით მუზების თეატრი – ,,პარნასი" – დაარსდა. დასის წევრები პოეზიით, მუსიკით, თეატრით, მხატვრობით გატაცებული მოსწავლეები იყვნენ.
 ეს ფოტორეპორტაჟი, გაზეთ ,,ქუთაისის" კორესპოდენტმა თემურ ჯავახაძემ ზაქარია ფალიაშვილის სახლ–მუზეუმის საკონცერტო დარბაზში 1989 წელს გადაიღო. იგი ,,პარნასელების" მიერ მომზადებული მხატვრული კომპოზიციის შტრიხებს წარმოადგენს.
       იმ დღეს ქალაქის ინტელიგენციის წინაშე ხუთი ,,პარნასელი" დობილი წარსდგა.
        მეთერთმეტეკლასელი თამარ სვანიძე საკუთარი ლექსებით და ჩანახატებით გაეცნო მკითხველს, მეცხრეკლასელი მთვარისა დეისაძე მთელი საღამოს მანძილზე მოლბერტს არ მოშორებია, ქალაქისთვის უკვე კარგად ცნობილი მერვეკლასელი სოფიკო ბრეგაძე საკუთარ ლექსებს კითხულობდა, მეცხრეკლასელი მაკა ლობჟანიძე სოფიკოს ლექსებზე შექმნილ საკუთარ სიმღერებს მღეროდა, მეექვსეკლასელი ნათია ფერაძე კი რავინის, ჩერნის, საჯიევის ,,ეტიუდებს" და შოპენის ,,ვალს" ასრულებდა.
          ... გაჩნდა იდეა, ,,პარნასელი" დობილები მოგვეძებნა და წარსული გაგვეცოცხლებინა. თამარ სვანიძისა და მთვარისა დეისაძის მოძებნა არ გაგვჭირვებია. დღეს ისინი ქუთაისის N22 საჯარო სკოლის პედაგოგები არიან, თამარი დაწყებითი კლასების მასწავლებელია, მთვარისა ხელოვნებას ასწავლის, სოფო თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსი ექიმია, მაკა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში – ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მდივანი, ხოლო ნათია მაღაზია ,,ARAI Tomorrow"-ის გაყიდვების მენეჯერია.
       
               1993 წლის 27 სექტემბრიდანვე (სოხუმის დაცემის დღე) მთელ ქალაქთან ერთად სკოლის მასწავლებელთა მთლიანი გუნდი აქტიურად ჩაერთო დევნილთა მიღება–დაბინავების საქალაქო შტაბის მუშაობაში. სკოლა ხელს უწყობდა ჭუბერგამოვლილებს, 46 კაცისაგან შემდგარი 12 ოჯახი სკოლაში საცხოვრებლად იქნა მოწვეული. სამი წლის მანძილზე ისინი სკოლაში ცხოვრობდნენ, სწავლობდნენ...
         2006 წლიდან 2012 წლამდე სკოლას თეა ჩხეტია ხელმძღვანელობდა , მომდევნო 3 წელი  კი– ლევან ბუაძე. 2015 წლის აგვისტოდან ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ელბაქიძეა.
           სკოლა  წარმატებით აგრძელებს საქმიანობას, ჰყავს სხვადასხვა კონკურსში და ოლიმპიადაზე გამარჯვებული მოსწავლეები, ტარდება უამრავი ღონისძიება, რისი ამსახველი მასალაც  ,,ქუთაისის ოცდამეორე საჯარო სკოლის" გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ.

https://www.facebook.com/sajaro.skola.94?fref=ts


გამოყენებული ლიტერაქტურა:

1. ნესტორ გოქაძის პირადი არქივი. ავტობიოგრაფია. წერილები. სასკოლო დოკუმენტები.
2. თანამედროვეთა მოგონებები.
3. www.google.ge   ნესტორ გოქაძის სურათი.

No comments:

Post a Comment