წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია

    ქუთაისის N11 ბაგა–ბაღის ეზოში ახლად აშენებული ეკლესია დგას, რომელიც წმიდა ნიკოლოზის სახელობისაა.


     თურმე ძველად ბაღის ტერიტორიაზე 1910 წელს აგებული წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია იდგა. ამ ეკლესიის აგებაში დიდი წვლილი კუკულავების გვარის წარმომადგენლებს მიუძღოდათ, ამიტომ ტაძარს ,,კუკულავების ეკლესიასაც" ეძახდნენ. ეკლესია ბაზილიკური ტიპის, უგუმბათო ყოფილა და 1917 წლამდე მოქმედებდა, შემდეგ კომუნისტების თაოსნობით ტაძარი დახურულა, მაგრამ ომის პერიოდში წირვა–ლოცვა ისევ განახლებულა, იმ დროისათვის ტაძარს მრევლიც დიდი ჰყოლია, მაგრამ, სამწუხაროდ, 1948 წლის შემდეგ ეკლესიას აღარ უმოქმედია. 1959–60 წლებში საბჭოთა მთავრობამ ტაძარი დაანგრია. მის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაო გადათხარეს და მიცვალებულთა ძვლები ღამით სადღაც წაიღეს. ეკლესიის ადგილზე კი საბავშვო ბაღის შენობა ააშენეს. იმ ძველი ეკლესიის საკურთხეველი ბაღის შენობის ტერიტორიაზეა.


     დღეს ბაღის ეზოში უკვე ახალი წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი დგას. მართალია, ზუსტად ძველი ტაძრის ადგილზე არა, მაგრამ რაც მთავარია, ღვთის სახლმა წართმეული ადგილი დაიბრუნა. ეს კი მამა გიორგის დამსახურებაა. საკუთარი სახსრებით შეიძინა ბაღის ტერიტორიის ნაწილი – 400 კვ. მეტრი მიწა, რომელიც ქუთაისის გაენათის ეპარქიას გადასცა. ეკლესიის ბალავარი 2008 წლის აპრილში გაითხარა. მშენებლობა აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო. ტაძარი უბნის მაცხოვრებლებისა და საერთოდ ხალხის შემოწირულობის ხარჯზე აშენდა. სამშენებლო მასალად ჭახათის და ეკლარის ქვაა გამოყენებული. შენობა სამნავიანი ბაზილიკის ტიპისაა.




No comments:

Post a Comment