მომავალი განვითარების გეგმა

      ჩემი უბანი - ზედა საფიჩხია ანუ ჭახათა - მდებარეობს ქალაქის მარცხენა ნაწილში, საფიჩხიიდან მოწამეთამდე. ჭახათას გარეუბნის სტატუსი დიდ პოტენციალს უქმნის იმისათვის, რომ განვითარდეს სხვადასხვა კუთხით. ქალაქის ცენტრს სხვა დატვირთვა აქვს, იგი სხვადასხვა კომპანიის, სხვადსხვა ოფისის და ა. შ. მშენებლობას ითხოვს. ურბანიზაციის პროცესი ყველაზე მკვეთრად ქალაქის ცენტრალურ ნაწილში იგრძნობა, მაგრამ ჰაერიც მკვეთრად დაბინძურებულია. ამიტომ ვფიქრობ, ადამიანები რამოდენიმე წელიწადში მიხვდებიან, რომ უკეთესია ცხოვრება გარეუბანში, ვიდრე რუტინული და დამღლელი ქალაქის ცენტრში.
      ჩემი უბნის უკიდურესს ჩრდილოეთ ნაწილში განლაგებულია ქარხნის შენობები, რომლებიც დღესდღეობით უფუნქციოა. მათი რესტავრაციით და აღდგენით შესაძლებელია ქვის გადამამუშავებელი ქარხნის ამუშავება. ეს არამარტო უბნის სახელის განდიდებას გამოიწვევს, არამედ დიდ პოტენციალს შექმნის უმუშევარი ადამიანების დასასაქმებლად. ეს უკვე განვითარების საფეხურზე ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
       რადგანაც საქართველოს უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი აქვს, ჩვენც უნდა შევძლოთ ამის პრაქტიკულად გამოყენება. ქალაქის ცენტრისგან განსხვავებით, სადაც ტურისტებისათვის არცთუ ბევრი საინტერესო ადგილია, გარეუბნები, თავისი ისტორიული ძეგლებით, უფრო მიმზიდველი ხდება მათთვის. ვთვლი, რომ ჩემს უბანს ამისთვის კარგი ადგილმდებარეობა აქვს. ჩემი ნება რომ იყოს, დიდი ენთუზიაზმით დავაპროექტებდი წყალწითელას ხეობაში, იქ სადაც რკინიგზა გადის, ხელოვნური ტბის გაშენების გეგმას. აქ ბუნება ულამაზესია, ამ სილამაზის გამოყენებით კი შეიძლება ტურიზმის განვითარება.  ეს კი თავისთავად უბნის წინსვლის პროცესის დასაწყისიც იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ტბის ირგვლივ დაცული იქნას ეკოლოგიური უსაფრთხოება. ჩემი ნება რომ იყოს, ხელოვნური ტბის შექმნის შემდეგ გავიყვანდი საბაგირო ხაზს, რომელიც ტბის ნაპირიდან დაიწყებოდა და რკინიგზის ხაზის გავლით მოწამეთამდე მივიდოდა. ეს დამაკავშირებელი ხაზი ჩვენთვისაც და ტურისტებისთვისაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდიდა ჩემს უბანს.
       ასეთი წარმომიდგენია ქუთაისის ეს ულამაზესი უბანი განვითარების შემდეგ. და მაინც, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველთათვის ტურისტული პოტენციალია, რომლის გამოყენების შემთხვევაში, ქვეყნის მაშტაბით მცირე უბნების განვითარება საბოლოოდ დიდ შედეგს გამოიღებს.  

                                                                 
   ანა გელაძე.  XI კლასი.



No comments:

Post a Comment